მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიფინგზე, ახალ გადაწყვეტილებებსა და ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ქვეყანაში გვაქვს 110 დადასტურებული ცოვიდ-19-ის შემთხვევა. ასევე, აქედან 21 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული, ხოლო იზოლაციაში იმყოფება 4995 ადამიანი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა მუნიციპალიტეტების საზღვრებზე არსებულ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე. მისი თქმით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური პუნქტები ამოქმედდება კიდევ 2 მუნიციპალიტეტში და ეს მუნიციპალიტეტებია თელავი და ახალციხე.
„საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა, სპეციალური გამშვები პუნქტები. სპეციალური გამშვები პუნქტები, მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
პრესსპიკერმა მოსახლეობას მიმართა, დაიცვან ე.წ. კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვა და ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვის მოქმედებას.
„როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ და დღეს, ეს შედის ძალაში. 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე, არის აკრძალული ყველა სახის გადაადგილება, როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. ეს არის ის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შეგვეფერხებინა კორონავირუსის გავრცელება”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პრემიერის მრჩეველმა მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე ზარების დაყოვნებისათვის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ ცხელი ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, მიიღონ სრული ინფორმაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით.
„როგორც იცით, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი, რომელიც არის 144. გამოცხადების შემდეგ ზარების ძალიან დიდი ოდენობა შემოვიდა, რის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ რამდენჯერმე დარეკვა ან დაყოვნება, ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს. ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოსახლეობის ინფორმირებულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ხაზის მეშვეობით ექნებათ საშუალება მიიღონ სრული ინფორმაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, სრულად იყვნენ ინფორმირებული იმ საკითხებზე რა შეზღუდვებიც ამოქმედებულია,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრი მრჩეველმა.
ირაკლი ჩიქოვანმა ასევე აღნიშნა, რომ გამოქვეყნებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება 2020 წლის 21 მარტის N204 და ეს დადგენილება შესაძლებელია იხილოს ყველამ, როგორც საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე ასევე, საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე. მისი თქმით, აქ არის განმარტებული ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს საგანგებო პირობებში.
„აქ არის განმარტებული ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებს იმ პირობებში, რა საგანგებო პირობებშიც დღეს ვიმყოფებით. არის გარკვეული დეტალიზაცია საჭირო კონკრეტული უწყებების მხრიდან და ეს უწყებები მოახდენენ დეტალიზაციას, შესაბამისად ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას თითოეული უწყების და თითოეული ხელმძღვანელობის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.