მთავრობის ამოცანაა, როგორც მოსახლეობას, ისე უცხოელ პარტნიორებს აუხსნას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და რეალური მდგომარეობა

28/11/2019

“ჩვენთვის ყოველთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და საქართველოს გულშემატკივრების მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მთავრობის ამოცანაა, როგორც მოსახლეობას, ისე უცხოელ პარტნიორებს აუხსნას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და რეალური მდგომარეობა. რაც შეეხება იმ მოსაზრებებს, რომელიც ეხება საქართველოში დემოკრატიული პროცესების შესაძლო შესუსტებას, ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა ყველა არჩევნებზე, რომელიც ტარდებოდა 2012 წლის შემდეგ, რომ უკლებლივ ყველა საარჩევნო პროცესი ტარდება სრულ შესაბამისობაში იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ჰქვია თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები. ჩვენ ამ გზას არც 2020 წელს გადავუხვევთ და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ინიციატივა და სურვილი იყო, რომ 2020 წელსვე გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, ის რომ მომავალ წელს არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება არ ნიშნავს, რომ საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიულობის მაჩვენებლებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 2020 წლის არჩევნები ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა არჩევანი და ყველა საარჩევნო სისტემა იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე. რა სისტემაც არ უნდა იყოს, ამ სისტემის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს, ეს იქნება მთავრობის თუ ოპოზიციის მხარდამჭერი უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დააფიქსიროს თავისი არჩევანი” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0