მთავრობის ადმინისტრაციაში დევნილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

12/01/2016

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე დევნილთა სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს. გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრთა კაბინეტმა, მნიშვნელოვანი საკითხების მიმდინარეობა და 2016 წელს განსახორციელებელი პროექტები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ევროპასთან ინტეგრაციისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილა. “გაფართოებული შეხვედრისას გამოითქვა მოსაზრებები, როგორ შეიძლება, სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური და დევნილთა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული იყოს. საუბრისას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დევნილებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა დასახელდა. კერძოდ, საცხოვრებლის, საარსებო წყაროებისა და განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით”, – აცხადებენ ადმინისტრაციის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, პრემიერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სამომავლო გეგმების შესახებ, რომლის პრეზენტაცია მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა მსგავს ფორმატში შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით გამართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უკვე იმსჯელეს იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროები ახორციელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0