მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება

11/12/2019

მსურს, სრული პასუხისმგებლობით დაგპირდეთ, რომ ყურადღება მთის მიმართ, მთის განვითარებისა და მთის შვილების მიმართ გაიზრდება, იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ და შევასრულოთ ჩვენი პოზიტიური ვალდებულება, მთაში დაბადებულ ამაყ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, ღირსეულად იცხოვროს და განავითაროს თავისი ოჯახი, თავისი შვილები მთაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მთას საქართველოს ისტორიაში, კულტურაში და თვითმყოფადობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„დიდი პატივია ჩემთვის, მქონდეს საშუალება, მთის შვილებს მივულოცო დღევანდელი დღე. მთას საქართველოს ისტორიაში, კულტურაში, საერთოდ ჩვენს თვითმყოფადობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი ჩვენს კულტურაში თითქმის დაკავშირებულია მთასთან და მთის შვილებთან. სტუმარ-მასპინძლობაც, ბევრი ჩვენი ისეთი ხასიათი, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვატანინა თავი, მაგრამ დღეს ჩვენთვის, მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მთის შვილებმა, მთაში დაბადებულმა ადამიანებმა ღირსეულად შეძლონ მთაში ცხოვრება. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ მიიღო და შექმნა კანონი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. სწორედ ამიტომ შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და სწორედ ამიტომ დაარსდა მთის განვითარების ფონდი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთის მიმართ ყურადღება გაორმაგდება, მთა უნდა გახდეს მდგრადი, უნდა გაჩნდეს ეკონომიკა, შეიქმნას კომპანიები, რომლებიც მოემსახურებიან მთელს ქვეყანას და ექნებათ ექსპორტის პოტენციალიც.

„ეს შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთის მომხიბვლელობას ძალიან დიდი ძალა აქვს ტურისტებისთვის. ამ მიმართულებით, დღეს ქვეყანა და მთავრობა ბევრს აკეთებს. ისეთი ლოკაციები, როგორიც არის მესტია, ყაზბეგი, უშგული, თრუსო, გარდა იმისა, რომ თითოეულმა ქართველმა უნდა ნახოს და იცოდეს ეს რა არის – უნდა ვანახოთ მთელს მსოფლიოს. უნდა ვანახოთ, როგორ იქმნებოდა ქართული ხასიათი, როგორ იქმნებოდა ქართული ტრადიციები. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთის შვილებს, თითოეულ თქვენგანს, რომელიც აქ ხართ, ან არ ხართ და მთაში ხართ. გვესმის, რამდენად მტკიცე ხასიათია საჭირო, რომ მთელი წლის განმავლობაში ძალიან მკაცრ, ბუნებრივ გარემოში იცხოვრო. გარდა ამისა, ბევრი თქვენგანი სახელმწიფოს ემსახურება. თქვენ ამყარებთ ჩვენს საზღვრებს რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის არის ის, რომ პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს.

„პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები უკვე 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან 300 ლარს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ, როგორიც არის მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალ მთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, როგორც მედიკოსებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალ მთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში,” – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0