გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ზრდამ 40 %-ზე მეტს მიღწია.
„მთლიანობაში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მონაცემები მზარდია; ეს ფაქტი რეალურად ასახავს იმას, რომ ჩვენს მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდისთვის და ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერისთვის, მოაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები ასახულია ბოლო წლების განმავლობაში საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაში აგრარული პროდუქციის მიმართულებით. შარშან ჩვენ მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა მთლიანობაში, 200 მილიონ დოლარზე მეტი იყო აგრარული პროდუქციის ექსპორტი. იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, სადაც პროდუქცია გადის, მზარდია, რაც ასევე მიანიშნებს, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკა აქტიურია და ჩვენ ფერმერებს მაქსიმალურად ვეხმარებით ამ მიმართულებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მთავრობა ქვეყნის თვითუზრუნველყოფის გაზრდისთვის ფერმერებს სესხებს დაუფინანსებს.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რათა გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა; აქედან გამომდინარე, დღეს ორი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს; ეს არის შეღავათიან აგროკრედიტში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ფერმერებს საშუალება, ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი; მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაა.
„ჩვენ, წლების განმავლობაში, ვახორციელებთ მთელ რიგ პროგრამებს, რომელიც მიმართულია კოოპერაციის ხელშეწყობისკენ – მეღვინეობის სექტორში, რძის წარმოების სექტორში, მეფუტკრეობის მიმართულებით და ა.შ. ახალი პროექტი ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს თანადაფინანსებას ძალიან მაღალი, 80%-იანი თანადაფინანსებით. ფერმერები, რომლებიც ბოსტნეული კულტურების წარმოებას ახორციელებენ, შეუძლიათ გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ ისინი დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც მთავრობის კონკრეტული დადგენილებით არის გაწერილი, ისინი ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ თანადაფინანსებას მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ფერმერებს შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შეინახონ პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს იმ პირობებით, რომელიც მათთვის სარგებლის მომტანი იქნება, პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
„ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადე. ჩვენ, ყველამ ერთად, ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, მარაგების შექმნის მიზნით, აბსოლუტურად არასაჭირო შესყიდვები განახორციელა. ეს ეხებოდა გარკვეულ პროდუქტებს, განსაკუთრებით შაქარს, რომელიც საქართველოში არ შემოდის არც რუსეთიდან და არც უკრაინიდან. შესაბამისად, ამ აჟიოტაჟს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არც ხორბალთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი შეფერხებები. ქვეყანაში არსებობს შესაბამისი მარაგები როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის.
„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, ბიზნესთან, იმპორტიორებთან და, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბაზრების მოძიებისა და კონტაქტების დამყარების პროცესში, საიდანაც შესაძლებელია საჭირო გახდეს კონკრეტული პროდუქციის შემოტანა. თუმცა, დღეისათვის, პროდუქციის მომარაგების კუთხით, ყველაფერი წესრიგშია და, ამ ეტაპზე, რისკებს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიწოდების ჯაჭვში გარკვეული შეფერხებები გაზრდილმა შესყიდვებმა განაპირობა და არა მარაგების ნაკლებობამ.
„შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, რომელთა აღმოსაფხვრელად გარკვეული დროა საჭირო. გარკვეულ მაღაზიებში შეიძლება იყოს შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში ყველაფერი სწორდება. ქვეყანაში მარაგის პრობლემა რეალურად რომ იყოს, მაშინ ეს შევსება ვერ მოხერხდებოდა და დეფიციტთან გვექნებოდა საქმე“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.