მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები

26/03/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. აღინიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მთავრობა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ერთი თვით – 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.
ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ერთი ფეხმძიმე პაციენტია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 247 პირი.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0