მზია გიორგობიანმა შეხვედრები იმერეთის რეგიონში გამართა

18/03/2021

გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით იმერეთის რეგიონში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა შეხვედრები ჭიათურის, ქუთაისის, ზესტაფონისა და ხონის მუნიციპალიტეტებში გამართა. ხონის დევნილთა დასახლებაში მზია გიორგობიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ლუიზა ვინტონთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა, სადაც პუმანიტარული პროდუქტი ჩაიტანეს და ადგილობრივი მოსახლეობისგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მოეწყო ქალაქის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მოდერნიზებისა და ინტერაქციული რუკის პრეზენტაცია, რომელიც UNDP- ის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. ახალი პლატფორმა ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ასევე, ქუთაისელებს შეუძლიათ გაუმართავი და დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ატვირთონ ფოტო, მოკლე აღწერილობა და რეაგირების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწოდონ ინფორმაცია. გარდა ამისა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის (DGG) პროგრამების მხარდაჭერით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარირების საპილოტე პროექტი ხორციელდება. რეგიონული ტურნეს ფარგლებში, მზია გიორგობიანმა და ლუიზა ვინტონმა, ქალაქ ცაგერში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი დაათვალიერეს. ცენტრის შიდა ინტერიერი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა II” -ის ფარგლებში აღიჭურვა. პროექტის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SDC) და ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის (ADC) სააგენტოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ცაგერის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდა საინფორმაციო მასალები, შეიქმნა ვიდეო კლიპები, მომზადდა ტურისტული საინფორმაციო სტენდი და მოეწყო საგზაო მანიშნებლები. ასევე, სტუმრებმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დასრულებული პროექტი “საირმის სვეტები” დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის ქვაფენილები, მოსაცდელი მოედნები, ღამის განათება და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0