მზია გიორგობიანი, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანს შეხვდა

13/07/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან იენს ბრანდენბურგთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მხარეებმა, შერჩეული პირველი საპილოტე რეგიონის, იმერეთის მაგალითზე, განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის ფარგლებში გამოყენებული ერთ-ერთი მოწინავე პლატფორმის – „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (“Smart Specialisation”/S3) მიდგომის დანერგვის გამოცდილება ქვეყნის რეგიონული განვითარების პროცესში. როგორც მზია გიორგობიანმა აღნიშნა, ნებისმიერი რეგიონის ეკონომიკის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის ერთ-ერთი წინაპირობა, ტექნოლოგიური, ორგანიზაციული ან მომსახურების პროდუქტის სიახლეების ათვისების უნარია. საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, მათ შორის, მუნიციპალურ და რეგიონულ ჭრილში. მზია გიორგობიანმა მადლობა გადაუხადა სტუმარს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ, ბოლო წლებში, საქართველოში, გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი ხორციელდება. შეხვედრის მხარეებმა ქართულ-გერმანული ურთიერთობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. თავის მხრივ, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარნიორობის ეფექტიანობას და თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0