მე ვიქნები დეპუტატი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თითოეული ზესტაფონელის გვერდით იდგება

20/07/2016

ჩვენს გუნდს აქვს სრული პოტენციალი, რომ თავდადებულად ემსახუროს საქართველოს მოქალაქეებს,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზესტაფონში გააკეთა. პარტიის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე წარუდგინა. „შალვა საამაყო ადამიანია. ის ზესტაფონელებს ყველაზე კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ. მთავრობის მეთაურმა ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო. ზესტაფონის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. „მინდა ჩვენს კანდიდატებს ვუსურვო გამარჯვება, ვინაიდან მათი წარმატება და „ქართული ოცნების“ გამარჯვება გულისხმობს მთლიანი საქართველოს გამარჯვებას. 2012 წელმა გარდატეხა შეიტანა და ქვეყანა სიკეთისკენ შემოატრიალა. ახლა მნიშვნელოვანია სწრაფი განვითრება, რადგან ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა. შალვა კიკნაველიძემ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა და ზესტაფონის მკვიდრებს უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნას დაპირდა. „გარწმუნებთ, რომ მე ვიქნები დეპუტატი, რომელიც 24 საათის განმავლობაში თითოეული ზესტაფონელის გვერდით იდგება. გპირდებით, რომ მომავალი ოთხი წელი თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი და მეგობარი ვიქნები. ზესტაფონში არსებული ყველა საკითხი თქვენი ჩართულობით გადაწყდება“,-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0