მეცნიერულ დონეზე მიმდინარეობს სხვადასხვა მავნებლების ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური აგენტების ძიება და მათი გამოყენება

05/12/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ანასეულში, ა. ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრში იმყოფებოდა. სოფლის მეურეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს დიაგნოსტიკურ ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. ოთარ შამუგიამ ბაზაზე განთავსებული თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილი, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია დაათვალიერა, სადაც მეცნიერულ დონეზე მიმდინარეობს სხვადასხვა მავნებლების ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური აგენტების ძიება და მათი გამოყენება. სტუმრები ამავე ლაბორატორიის ბაზაზე განთავსებულ სანერგე მეურნეობაში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ, სადაც შერჩეულ ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა პერსპექტიული ჯიშ-ფორმების სტანდარტული ნერგების გამრავლება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ იქნა ჩაის ჯიშის „კოლხიდა“ ერთწლიანი 10 000 ცალი ნერგი, რომელთა ნაწილი განკუთვნილია საკოლექციო ნაკვეთებისათვის, ნაწილი კი, სადედე მცენარეების მისაღებად.
ოთარ შამუგიამ, სტუმრებთან ერთად, ჩაისა და სუბტროპიკული, ასევე მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებიც დაათვალიერა, სადაც სუბტროპიკული კულტურების მოსავლიანობის ამაღლებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების და ციტრუსოვანთა ინტროდუცირებული და ადგილობრივი საადრეო ჯიშების გამოცდის მიზნით, კულტურების პერსპექტიული ჯიშ-ფორმების მოძიება-აღდგენის, სელექციური ჯიშების შერჩევის და მცენარეთა გენეტიკური ბანკის შექმნის სამუშაოები ტარდება; მინისტრი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ განკუთვნილი სპეციალური ტრაქტორის მუშაობის პრინციპებს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ა. ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მმართველობის უფლებით 2014 წელს გადაეცა. ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდ სამეცნიერო-კვლევით ბაზას წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0