გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ, მეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან, რაც ყოვლად დაუშვებელია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ინსტიტუციებზე დგას ჩვენი ქვეყანა და ისინი ყველას სჭირდება.
“ბატონი პაპუაშვილის პირველი განცხადებისთანავე, დავუკავშირდი მას ტელეფონით და შევთავაზე, დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურატურისთვის და მიეწოდებინა ის მასალები რაც ჰქონდა. სამწუხაროდ, მან გადაწყვიტა, არ მიემართა პროკურატურისთვის. ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური. მგონია, რომ ჩვენს ინსტიტუციებს, მათ შორის, პროკურატურის ნებისმიერ ფილიალს და წარმომადგენელს უფრო მეტი პატივი უნდა ვცეთ”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარ პროკურორს ამ თემაზე უკვე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მასთან გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა შედგება.
“უნდა გაირკვეს სიმართლე, ეს არის ჩემი მოწოდება ყველასადმი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.