მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან.

27/03/2017

მესაზღვრე კონტროლიორები ხვალიდან შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობამდე ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამის ბრძანებას მან ხელი უკვე მოაწერა.
”მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე კონტროლიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც უვიზო რეჟიმი ვრცელდება, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარი შემოწმებისას და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საჭირო სტანდარტებს, მესაზღვრე კონტროლიორი მას გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტავს. ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შს სამინისტრო მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის, რათა არ მოხდეს მოქალაქეთა მხრიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0