თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ნებისმიერი ტიპის კანონდარღვევა ან კორუფციაში ჩართულობა პასუხგაცემული იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან და დედაქალაქის მერია ამის სადარაჯოზე ყოველთვის იდგება. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
„ძალიან ცუდია, რომ ყველამ ჯერ კიდევ ვერ გაიგო, ჩვენ არ დავუშვებთ კორუფციას და ვიქნებით უმკაცრესები ამგვარი ფაქტების გამოვლენისას. თუ გავიხსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისში, თბილისის მთავრობის პირველივე სხდომაზე მერმა გააკეთა განცხადება და გაფრთხილება მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ. ვინც ეს განცხადება ასე მარტივად გაატარა და ამის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება კორუფციაში ჩართვაზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი პასუხი მიეცემა.
მე წინასწარ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამას აქვს შესაბამისი სამართლებრივი პროცესი და არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ მინდა, ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს, მიიღოს გაფრთხილება, ვისაც კი ასეთი რამ გაუფიქრებია, ბოლომდე მოგყვებით. ისინი აუცილებლად დაადგებიან იმავე გზას, რა გზასაც კორუფციაში ჩართული ადამიანები ადგანან“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მერია სისტემატურად ატარებს.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთი ასეთი შემთხვევა ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.