მერია მოქალაქეების მიერ მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

20/04/2016

თბილისის მერია მოქალაქეების მიერ სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისების ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც, დედაქალაქის მერიის მხრიდან რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია და მოქალაქეებს მიეცათ გაფრთხილება უკანონო ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე.

”მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დედაქალაქის მასშტაბით, სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისება მასიურ ხასიათს იძენს, რაზეც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მყისიერად რეაგირებს.
ამ ეტაპზე, ზედამხედველობის სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს ის მარტივი და ასევე, კაპიტალურად აგებული კონსტრუქციები, სადაც არაერთხელ იქნა დატოვებული შეტყობინება, თუმცა მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია, ანუ, არსებობს ვარაუდი, რომ ნაგებობებში არავინ ცხოვრობდა და ტერიტორიები დაკავებული იყო შემდგომში დაკანონების მიზნით. ამჟამად აფრიკის დასახლებაში, მებაღეობის ქუჩის N29-ე კორპუსის მიმდებარედ მსგავსი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.
ამასთან, ამავე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია კიდევ 15 ფაქტზე და შედგენილია მითითების აქტები.
თბილისის მერია შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთების თვითნებურად მითვისებას ცდილობენ, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კი სისტემატიურად ახორციელებს კონტროლს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0