მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისა და სოციალური დახმარების სისტემაში შესული ცვლილებების შესახებ შეხვედრები დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში გაიმართა

12/03/2019

მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისა და სოციალური დახმარების სისტემაში შესული ცვლილებების შესახებ მოსახლეობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით შეხვედრები ამჯერად დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში გაიმართა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი მაკა ხამხაძე შეხვდნენ, მათ არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის პირობები გააცნეს.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება) მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად -1 ლარად იღებენ, საპენსიო ასაკის მოსახლეობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები კი პრეპარატების შეძენისას მინიმუმ 50 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
მოსახლეობა დეტალურად გაეცნო იმ ცვლილებებს, რომელიც სოციალური დახმარების სისტემაში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შევიდა. სოციალურად დაუცველ ოჯახებს 16 წლამდე ასაკის თითოეული წევრისთვის ფულადი დახმარების სახით 50 ლარი დაერიცხებათ. მათ ფულადი დახმარება იმ შემთხვევაშიც შეუნარჩუნდებათ, თუ შემოსავლების სამსახურის ბაზაში ხელფასი დაუფიქსირდებათ. ამ შემთხვევაში საარსებო შემწეობას 12 თვის განმავლობაში მთელი ოჯახი, ხოლო 24 თვის განმავლობაში 16 წლამდე ასაკის მოზარდები მიიღებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0