ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ორი ჯგუფია და ეს ხალხი ერთმანეთს არ ენდობა.”ნაციონალურ მოძრაობაში” “კონსერვატორებისა” და “ლიბერალების” ბრძოლის პროცესი მინდინარეობს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” არის ორი ფრთა. ერთი ფრთა ორიენტირებულია მიხეილ სააკაშვილზე, ხოლო მეორე – გიგა ბოკერიაზე. ჩვენ ეს ვიცით არა მხოლოდ იმ გამჟღავნებული ჩანაწერებით, სადაც გოკა გაბაშვილი და მისი ძმა საუბრობენ, არამედ სხვა წყაროებიდანაც, მათ შორის ევროპარლამენტიდან. მაქვს ინფორმაცია ევროპარლამენტიდან ვინ, როგორ და რანაირად მუშაობს. მაგალითად, ამას წინათ, როცა ასოცირების კომიტეტის მეორე შეკრებაზე ვიყავით, ჩვენთან ერთად ასოცირების კომიტეტის წევრი გიორგი კანდელაკი მუშაობდა და ასევე წარმოდგენილი იყო ბატონი ლონდარიძე, მაგრამ პარალელურად სარიუშ ვოლსკისთან და IPP-ის სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან მუშაობდა გიგა ბოკერია, რომელიც ვხედავდით, რომ მეუღლითურთ იყო ჩამოსული. იქ ასე გამოიხატა, რომ IPP-ი ერთს ამბობდა, კანდელაკი ხანდახან არ ეთანხმებოდა. მოკლედ, საინტერესო სანახაობა იყო, საიდანაც მე გავაკეთე დასკვნა, რომ მაგალითად, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი და განსაკუთრებით მისი მეუღლე, პირდაპირ რომ ვთქვათ, არ ენდობიან კანდელაკს. მანამდე ეს ასე არ ხდებოდა. მანამდე კანდელაკი ევროსტრუქტურებში ძალიან წარმატებულად მუშაობდა – ჩვენ რამდენიმე ვიყავით და ვერაფერს ვშვებოდით, ის ყველაფერს შვებოდა”, – აცხადებს ბერძენიშვილი.
მისივე თქმით, პარტიის დატოვების თაობაზე გიორგი ვაშაძის დღევანდელი გადაწყვეტილებით “ნაპრალი იქ არ გასკდა, სადაც მოსალოდნილი იყო”. ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ წამოსვლის თაობაზე ინდივიდუალური ნაბიჯი გადადგა, ხოლო მისი განცხადების ხასიათი უფრო პარტიაზე განაწყენება და უძლურების აღიარება იყო, რომ ნახევარი პარტია ვერ მიჰყავს თან.
“მეგონა, რომ ის უფრო სერიოზულ თამაშს თამაშობდა და გაიყოლიებდა ახალგაზრდებს, რომელთაც პოზიცია ჯერ არ გამოუხატავთ. ვგულიხმობ ორ ვარსკვლავს – კანდელაკს და თაქთაქიშვილს, რომლებიც ჩვენ ნერვებს გვიშლიან, მაგრამ ევროპაში კაშკაშებენ და რომელთანაც პრობლემა აქვს ბოკერიას და დანარჩენებს. როგორც გაირკვა, ისინი ახლა დუმილს ინარჩუნებენ, მაგრამ პირველები იყვნენ “გირჩის” წევრების შეფასების დროს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე მონაცემებით, პრობლემა ამჟამად საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესში მდგომარეობს.
“არსებობს ინფორმაცია, რომ უკვე არის “ნაციონალების” სია. არის სიის პირველი ათეული, სადაც გიორგი ვაშაძე არ არის. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ათეულში არიან დავით ბაქრაძე და ნიკა მელია, ხოლო დანარჩენი რვა – ახალი სახეებია”, – აცხადებს ბერძენიშვილი.