მაშინ, როცა საქართველო ცდილობს ევროპულ ყაიდაზე ინსტიტუციური სისტემის და პროცედურების მოწყობას, ტვინინგის პროექტი არის კარგი ევროპული პრაქტიკის შესწავლის, ადგილზე ექსპერტული დახმარების და გრძელვადიანი მხარდაჭერის ინსტრუმენტი

06/09/2023

„ვაფასებთ დაძმობილების პროექტს „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება,” რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის შესაძლებლობების განვითარებასა და საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებაში,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის შუალედურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. ​პარლამენტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება” და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ორგანიზებით, დაძმობილების პროექტის შუალედურ ღონისძიებას უმასპინძლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა დელეგატებს და ხაზგასმით აღნიშნა ამ შეხვედრის პოტენციალი საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის მიმართულებით ბოლო ათწლეულში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესზე, ასევე, ბიუჯეტის მიღებასა და მის შესრულებაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით არსებულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის საჭირო პროექტი საჭირო დროს, რადგან საქართველო ცდილობს ევროპულ ყაიდაზე ინსტიტუციური სისტემის და პროცედურების მოწყობას. მისი თქმით, ბიუჯეტის მიღება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა პარლამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა.

„რაც უფრო ეფექტური იქნება საბიუჯეტო პროცესის წარმართვა, მით უფრო მყარი იქნება ჩვენი საპარლამენტო დემოკრატია. ბოლო ათწლეულში განხორციელებული რეფორმის შედეგად, საბიუჯეტო ოფისის საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პრინციპებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დაძმობილების პროექტს და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას საინტერესო შესაძლებლობისთვის და საბიუჯეტო ოფისის გუნდს, გაწეული საქმიანობისთვის.

„დაძმობილების პროექტის დღევანდელი შუალედური ღონისძიება და დელეგატთა ფართო შემადგენლობა შესანიშნავი შესაძლებლობაა კავშირების დასამყარებლად და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. აშშ-ის, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაცნობა ბიუჯეტირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის გაზრდის კუთხით. დიდი მადლობა ევროკავშირის დაძმობილების პროექტსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას ამ განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შეხვედრა წაადგება საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებს და ხელს შეუწყობს საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომ გაძლიერებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტირებისა და ზედამხედველობის პროგრესი CESEE რეგიონში, რის შესახებაც ისაუბრა CESEE ქვეყნების ბიუჯეტის უფროს საჯარო მოხელეთა ქსელის ხელმძღვანელმა ბრაიან ფინმა. „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება”, წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პირველ პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტში. პროექტი შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. მისი მიზანია, როგორც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობებისა და ხილვადობის, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება. ​პროექტი, გააძლიერებს, საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობას და ხელს შეუწყობს, როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე მის ჩართულობას საჯარო ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0