მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლდა. ჯიპის ტიპის 6 სპეცმანქანა სამივე რაიონში განაწილდა. ქედაში ახალი მანქანები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად პირადად განათავსა. დღეიდან, ქედას, შუახევსა და ხულოს 2-2 სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი ჯიპის ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანა მოემსახურება. სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა 25 მარტს გადასცა. დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანითაა შევსებული. ამათგან 10 რეანომობილი კლინიკებს შორის მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. 222 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან – 80 საშუალო და 120 მაღალი გამავლობისაა, ხოლო 22 ჯიპის ტიპის მანქანით კი, გადაადგილება განსაკუთრებით რთულ რელიეფზეა შესაძლებელი. რეგიონებში, ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მაღალმთიანი აჭარის სასწრაფოს ჯიპები გადაეცა
29/03/2018