„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით მიიღო. ცვლილებები მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის ცვლილებას შეეხება. კანონპროექტით „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა უქმდება, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს ითვალისწინებდა. კანონპროექტზე მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განმარტებით, კანონპროექტით განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი, რომლის შესაბამისადაც: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არანაკლებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით. ეს თანხა არ უნდა იყოს წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობაზე ნაკლები. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა, მანამდე კი 2024 და 2025 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 101 მლნ. ლარით დაფინანსდება.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
13/12/2023