„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება

14/02/2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება. ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაძლევს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს.

„როგორც მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ მქონდა შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაძლევს თუ არ დაძლევს ვეტოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია.

„კოლეგების მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია. ეს ცალსახად შეიძლება ითქვას, თუმცა, რაც შეეხება, კიდევ ერთხელ, პარლამენტის გუნდში, შიგნით არსებულ მოსაზრებებს, არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0