მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება

09/06/2022

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება.
კერძოდ: მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად და თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. დაჩქარებული წესით მოთხოვნილი ცვლილებების პროექტი დეპუტატებს მესამე მოსმენით, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი შატაკიშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, ცვლილებების მომზადების და მიღების მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვაა. დეპუტატმა კოლეგებს აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე – საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებიც გააცნო. ცვლილების თანახმად, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება – მარტოხელა მშობელი, ნაცვლად – მარტოხელა დედისა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით – 84 ხმით, ერთხმად მიიღო, 2022 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0