მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში წამოწყებული კამპანია – „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები“ მარნეულის რაიონული პროკურატურის ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით, საგზაო მოძრაობის უსაფრთოხოების წესებთან დაკავშირებით, სატრანსპორტო დანაშაულებისა და ავტოსაგზაო დარღვევების პრევენციის მიზნით, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. კულტურის სახლში საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის მოეწყო პრეზენტაცია, რომელიც ჩაატარეს ექსპერტ კრიმინალისტებმა, საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა და სხვა კომპეტენტურმა პირებმა;
ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მარნეულის პროკურორი გიორგი კაკულია თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში კულტურის სახლის სკვერში გამოიფინა სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები, თემაზე „ჩემი თვალით დანახული საგზაო უსაფრთხოება“ და შემოქმედებითად მოიხატა ქვეითთა გადასასვლელი ხაზი ე.წ ზებრა გადასასვლელი. აღსანიშნავია, რომ ქვეითთა გადასასვლელი წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გამგეობისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლების მიერ იხატებოდა, რომელსაც დღეს მოსწავლეებიც შეურთდნენ და მხატვრებთან ერთად დაასრულეს ქვეითთა გადასასვლელი ხაზის მოხატვა.
ღონისძიების ბოლოს, მოეწყო გარე აქცია, სადაც პროექტის ბენეფიციარები ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეებსა და მძღოლებს ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
მარნეულში ქვეითთა გადასასვლელი შემოქმედებითად მოიხატა
06/06/2017