მარინა ნიკოლოზაშვილი: აფრიკაში მიდიოდა ჩემი მეუღლე

19/01/2016

პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ოჯახის ინფორმაციით, თვის ბოლოსთვის, კუჭავა აფრიკაში გამგზავრებას აპირებდა.

კუჭავას მეუღლის, მარინა ნიკოლოზაშვილის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა აფრიკაში საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებით აპირებდა გამგზავრებას.

ამასთან, ნიკოლოზაშვილმა მოკლული ვახტანგ ქირიას ოჯახს მიუსამძიმრა და მოუწოდა, გაერთიანდნენ, ერთად ჩაატარონ ექსპერტიზა.

„შუღლია ჩაყრილი ჩვენ შორის. ჩვენ ვართ ნათესავები. იქნებ, მათ ინტერესებშიც შედის. გავარკვიოთ, ჩავატაროთ ექსპერტიზა. გავერთიანდეთ ამ საქმეში“, – განაცხადა ნიკოლოზაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მისი მეუღლე აფრიკაში ბიზნესთან დაკავშირებით აპირებდა გამგზავრებას, სადაც აფრიკის მთავრობას უნდა შეხვედროდა.

„ვიზასთან დაკავშირებით არ ვიცი. არ მგონია, აფრიკას ვიზა სჭირდებოდეს. თურქეთიდან არის ფრენა და თურქეთთან ჩვენ სავიზო რეჟიმი არ გვაქვს. აფრიკაში ნამდვილად მიდიოდა ჩემი მეუღლე. ეს ბიზნესთან არის დაკავშირებული, იქ მთავრობის წევრებს ხვდებოდა. მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები და მთავრობასთან შესახვედრად მიდიოდა“, – განაცხადა ნიკოლოზაშვილმა.

ამასთან, ოჯახის ადვოკატის ნათია კორკოტაძის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. მისი თქმით, კუჭავას სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული მისივე ნათესავი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0