ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში აჰმედ ბინ ალი ალ საეგის შეხვდა და მასთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. აღინიშნა, რომ შეთანხმება წაახალისებს ორმხრივ სავაჭრო კავშირებს, გაზრდის ქართული პროდუქციის ექსპორტს საამიროებში, ასევე პოზიტიურად აისახება ბიზნესებს შორის თანამშრომლობაზე. შეთანხმების ასამოქმედებლად ამჟამად შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები მიმდინარეობს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. აღინიშნა, რომ საამიროები ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა საქართველოში და ეს ტენდენცია ყოველწლიურად მზარდია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2003–2022 წლებში საქართველოში საამიროებიდან 1.1 მლრდ ამერიკულ დოლარზე მეტი შემოვიდა. საამიროების სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს საინვესტიციო გარემო და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ინვესტიციების განხორციელებას ქვეყნის სხვადასხვა სექტორებში. შეხვედრაზე თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებად დასახელდა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის 2024 წლის იანვრის პერიოდში პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 47,084 ერთეული მგზავრი, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შედარებით 17.1%-ით მეტია. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სადღეისოდ საამიროებიდან საქართველოში ფრენებს 4 ავიაკომპანია კვირაში 37 სიხშირით ასრულებს, რაც მგზავრთნაკადზეც აისახა – 2023 წელს საამიროებიდან საქართველოში 2022 წელთან შედარებით 24 პროცენტით მეტი მგზავრი ჩამოვიდა.
ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საამიროებში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობა, ყოველწლიურად მატულობს. მარიამ ქვრივიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ტენდენციის გათვალისწინებით 2024 წლის ზაფხულის სეზონზე გაიზრდება როგორც ფრენების სიხშირე, ისე ტურისტების რაოდენობა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილი და აჰმედ ბინ ალი ალ საეგი თბილისის სიახლოვეს მსხვილი ლოგისტიკური პროექტის – თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრნენ. პროექტს ქართველ პარტნიორ შპს თბილისი დრაი პორტთან ერთად უმსხვილესი არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო – ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს. კერძოდ, იგი მოიცავს საკონტეინერო ეზოებს, რომელთა წლიური გამტარუნარიანობა იქნება დაახლოებით 200,000 TEU და საბაჟო-სასაწყობე მეურნეობას (A და B კლასის საწყობები საერთო ფართით 12,300მ2).
ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზებას და სტიმულს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, რათა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდნენ. ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი აბუ დაბის პორტს ეწვია და მის საპორტო ინფრასტრუქტურას გაეცნო, გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე ასევე იმყოფებოდა აბუ დაბის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში.
მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
22/03/2024