მანანა ნარიმანიძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

09/11/2021

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი მსოფლიოში აღიარებული ლიდერის პრინციპებზე დაფუძნებული გამოცდილებების გაზიარება გახლდათ. გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტმა კადრი ტილერმანმა და ორგანიზაციის კონსულტანტმა ანა ჯიქიამ განმარტეს, რომ LEADER მიდგომის გამოყენების დროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები იყენებენ ადგილობრივ რესურსებს, რათა განსაზღვრონ პრიორიტეტები და საჭიროებები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საშუალებით. (LEADER) არის ფრანგული აბრევიატურა და ითარგმნება როგორც ქმედებათა კავშირი სოფლის ეკონომიკისა და განვითარებისთვის. „LEADER” მიდგომას შვიდი ძირითადი პრინციპი აქვს:
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია;
ქვემოდან ზემოთ მიმართული თანაშრომლობა და სტრატეგიების განხორციელება;
ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა;
ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი;
ინტეგრირებული და მრავალდარგობრივი საქმიანობები;
ინოვაცია;
თანამშრომლობა და კავშირები.

მანანა ნარიმანიძის თქმით, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია მოსახლეობის ჩართულობისათვის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ხოლო ამ ეტაპზე ადგილობრივი ჯგუფების გასააქტიურებლად და მასში ჩართული მონაწილეების ნდობის მოსაპოვებლად, საჭიროა პერმანენტული ღონისძიებების ეტაპობრივად გატარება. შეხვედრის დასასრულს, მერმა ხაზი გაუსვა დუშეთის მუნიციპალიტეტის მზაობას შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისათვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0