მამუკა ბახტაძემ აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო

06/06/2019

საქართველოს საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციები გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინვესტორებს სან-ფრაცისკოში გამართულ შეხვედრაზე. მთავრობის მეთაურს MizMaa Ventures-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა პარტნიორმა იიც ეფლბაუმმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელშიც აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ამ სფეროში წარმატებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა.
აშშ-ის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელების შეფასებით, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს ახლო მომავალში მიაღწიოს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ინვესტიციებისა და სამეწარმეო საქმიანობის, ასევე რაც ყველაზე მთავარია – ეკოსისტემის – შესახებ გამოცდილების გაზიარება ისეთი წარმატებული ადგილებიდან, როგორიცაა “სილიკონ ველი” და ისეთი მოწინავე ქვეყნებიდან, როგორიცაა მათ შორის ისრაელი, რომლებიც თავიანთი ტექნოლოგიური მიღწევებით უკვე დიდ სამომხმარებლო ბაზრებზე გადიან. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს აღტაცებით ვუყურებ. ახალგაზრდა სახელმწიფოა, ძალიან ჭკვიანი ხალხით. საინჟინრო პროფილის მქონე 50 000 სტუდენტის ყოლა მნიშვნელოვანი განაცხადია. ქვეყანაში არსებობს ინოვაციების ფონდი და ამ სფეროს ცალკე სამინისტრო კურირებს. ამდენად, შესაძლებლობები დიდებულია და ძალიან სწრაფად დადგება ხელშესახები შედეგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ MizMaa Ventures-ის დამფუძნებელმა იიც ეფლბაუმმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0