საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ გამგეობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ს. ქორეთში შარვაძეების ისტორიული მარნები დაათვალიერა. მალხაზ ბაზაძის ინიციატივით უახლოეს მომავალში მომზადდება პროექტი, რომელიც მარნების რეაბილიტაციას და ამავდროულად მისი ძველი იერსახის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ძველი ქართული ტრადიციული სამშენებლო ტექნიკით (აგურისა და კრამიტის გამოყენებით) შეკეთდება ღობეები, მარნების ბოლოს აიგება ე.წ. ღია დარბაზი, სადაც ვიზიტორების მიღება და სოფლის პეიზაჟის დათვალიერება იქნება შესაძლებელი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული შარვაძეების მარნები XVII საუკუნით თარიღდება. 13 მარანი ერთიან, ვრცელ ადგილზეა თავმოყრილი, ზოგიერთ მარანში ორი და სამი საწნახელიც დგას. მარნებში უხვადაა ღვინის დაყენებისთვის საჭირო და ზოგადად, სამეურნეო ნივთები – კალოს სალეწები, კოდები, თიხის ჭურჭელი, თითქმის ყველა მარანს ამშვენებს ბუხარი. შარვაძეების ერთ-ერთ ოჯახში კონკრეტულად მარნებისთვის ნაჩუქარი ვერცხლის თასი ინახება, რომელიც გადმოცემის მიხედვით თამარ მეფის საკუთრება ყოფილა. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სამომავლოდ განახლებული და ამავდროულად სიძველეშენარჩუნებული შარვაძეების მარნები საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნის თვალსაჩინო მაგალითია, რომელიც უცხოელი და ქართველი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილი იქნება.
მალხაზ ბაზაძემ ს. ქორეთში შარვაძეების ისტორიული მარნები დაათვალიერა
26/10/2016