საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასა და მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელეს მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები-მზია გიორგობიანი, გრიგოლ კაცია, ფინანსთა სამინისტროს და სსფ-ს (IMF) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისიის წევრები რეგიონებში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებით, წყალმომარაგების სამუშაოებითა და სხვა პროექტებით დაინტერესდნენ.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.
შეხვედრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხებში.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მომავალი წელი დატვირთული იქნება სხვადასხვა სექტორში განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
მაია ცქიტიშვილმა და მერსედეს ვერა-მარტინმა 2018-2019 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს
23/08/2018