მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან ერთად, სოფელ მოხეს მოსახლეობას შეხვდა და სოფლის საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელსაც ახლო მომავალში რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სკოლაში განათლებას იღებს რამდენიმე სოფლის 200-მდე ბავშვი. სოფელ მოხეს სკოლის რეაბილიტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
პროექტი ითვალისწინებს არსებული სკოლის სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკლასო ოთახებს, საპირფარეშოებს, სპორტდარბაზს, სპორტული მოედანს და კეთილმოეწყობა სკოლის ეზო. იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის საჯარო სკოლის რეაბილიტაციასაც იწყებს. ყველა სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ასევე, დაგეგმილია ზარზმის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საფეხმავლო ბილიკის მოწყობის, ზარზმის გუმბათის და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე სკოლებისა და ბაღების მშენებლობის ჩათვლით.
მაია ცქიტიშვილი მოხის მოსახლეობას შეხვდა
12/11/2018