მაია ბითაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ხელმეორედ ერთხმად იქნა არჩეული ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარედ, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს კონვენციის მხარეთა შეხვედრის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარესაც. ქ. ბუდვაში (მონტენეგრო) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენციის) ეგიდით კონვენციის მხარეთა მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს. ასევე, იმართება „დამაბინძურებელ ნივთიერებათა გარემოში გაშვებისა და მათი გადატანის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის ოქმის (PRTRs) მხარეთა გაერთიანებული შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტი და PRTRs-ის მხარეთა შეხვედრები. ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრას თავმჯდომარეობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე. საქართველოს სახელით შეხვედრებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, ორჰუსის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირი ნინო გოხელაშვილი. შეხვედრაზე UNECE-ის რეგიონის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ 2014-2017 წლებში ორჰუსის კონვენციის და მისი ოქმის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს. ასევე, დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საერთაშორისო ფორუმებში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ შემუშავებული ანგარიშები, 2018-2022 წლების სამოქმედო გეგმა, კონვენციის ფინანსური მექანიზმი, კონვენციისა და მისი ოქმის შესრულების კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები სამდივნოში შესულ სარჩელებთან დაკავშირებით და ბუდვას მინისტრთა დეკლარაცია.
მაია ბითაძე ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს
14/09/2017