მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება ისე, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა

08/08/2020

„ქედს ვიხრით გმირების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის. რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაიშალა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგო პატივი.

არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალი, საქართველოს პარლამენტის სახელით, გვირგვინით შეამკო და ჟურნალისტებთან საუბრისას, მშვიდობიანი, სტაბილური დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მშვიდობიან, სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას, რომელსაც ხალხის მხარდაჭერით ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს, ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვინაიდან სიმართლე არის ჩვენს მხარეს და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმ მოქალაქეებზე ზრუნვისთვის, ვინც ომის შედეგად, მშობლიურ მხარეს არის მოწყვეტილი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ვინც დევნილობაში არიან, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები, დაკარგეს სახლები და თავის კუთხეს, თავის მშობლიურ მხარეს მოწყვეტილნი არიან. დღეს არის ძალიან სევდიანი დღე საქართველოს ისტორიაში, თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვეამაყება, რომ გვყავს გმირები, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სამშობლოსთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0