თელავის ვაჟა-ფშაველას პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ლიტვის ქალაქ ტრაკაის სამეფო თეატრმა ვადიმ კოროსტილოვის სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარადგინა. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თელაველი ლევან სეფაშვილია.
ლიტვის თეატრალური დასი უკვე ერთი კვირაა თელავში იმყოფება. ისინი გაეცნენ ადგილობრივ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, დაესწრნენ თელავის მერიის მიერ ორგანიზებულ კონცერტებს, მონაწილება მიიღეს ევროპის დღეებისადმი მიძღვინ საზეიმო ღონისძიებებში. სპეციალურად ლიტველი სტუმრებისთვის თელავის თეატრმა ნადიკვარის პარკის ამფითეატრში სპექტაკლი „ჰორაციო“ წარადგინა.
ლიტვის სამეფო დასის თელავური ვოიაჟი კულტურულ ურთიერთთანამშომლობას ისახავს მიზნად. ორი თეატრალური დასის დამეგობრების ინიციატორი ლიტვაში მოღვაწე თელაველი რეჟისორი ლევან სეფაშვილია.
ღონისძიებას ლიტვის დელეგაციასთან ერთად საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში ხათუნა სალუქვაე, ქალაქ მცხეთის დელეგაცია და თელავის მერი პლატონ კალმახელიძე დაესწრნენ.
ლიტვის ქალაქ ტრაკაის სამეფო თეატრმა თელავში სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარადგინა
19/06/2017