ლიდერფურის ახალი საწარმო გაიხსნა

12/02/2018

„საწარმო, რომელიც დღეს გავხსენით, რეალურად არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ მუშაობს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და რამდენად კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება ამ მიმართულებით“ – ეს განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა კომპანია „ლიდერფუდის“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო „ლიდერფუდმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით აამოქმედა, რისთვისაც 22 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ხუთასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.
„ეს არის 5600 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის შენობა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, აქ დასაქმებულია 550 ადამიანი და უშვებს სწორედ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. პროექტს თანადაფინანსებაში ჰყავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სწორედ ერთობლივი ძალებითაა აშენებული ეს საწარმო და ინვესტირებული ეს თანხები“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შპს „ლიდერფუდი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსება, რომლის ოდენობაც ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0