თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისში სენატორ ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. თავდაცვის მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორი ქრისტიან დანიელსონი. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების პრობლემატიკაზე და ამ პროცესში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა იმ სამშვიდობო კონტრიბუციაზე უისაუბრა, რომელსაც საქართველო, ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად ახორციელებს. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის მიზნით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას მომავალშიც განაგრძობს. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. სიტყვით გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს გლობალური უსაფრთხოების საკითხში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციის მნიშვნელობა. უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა. ფორუმი მაკკეინის ინსტიტუტი – საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. დისკუსიის ძირითად თემებს რუსული პროპაგანდა, აგრესია და ამ გამოწვევებზე პასუხი წარმოადგენდა. შეხვედრაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
ლევან იზორია უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
13/09/2017