საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო. ლევან იზორიამ გენერალური მდივნის თანაშემწეს ელჩ თაჩან ილდემს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროა. „ამ მიმართულებით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დავსახეთ. რუსული პროპაგანდის ფონზე, მოსახლეობა გარკვეულ ინფორმაციას იღებს. რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს მცდარი წარმოდგენები მოვლენებისა და საფრთხეების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში. დავსახეთ კომუნიკაციის ერთობლივი სტრატეგია, თუ როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ნატოზე და მასში გაწევრიანების შესახებ, თუ რას ნიშნავს ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება დასავლური საზოგადოება. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ის არის ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული ბლოკი, რომლის დასაცავადაც თითოეულ წევრ და პარტნიორ ქვეყანას შესაბამისი სამხედრო მზადყოფნა უნდა ჰქონდეს,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.
სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჩან ილდემი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. მის მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები.
ლევან იზორია ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
11/04/2017