თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.
დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და დავით ახალაია. სწორედ დასახელებულ პირთა მეთაურობით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო დაახლოებით 250-მდე ადამიანმა, ხოლო უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე.
ვინაიდან გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებდა გამოძიებას, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეში ბრალდებულების ლევან ქარდავასა და ვასილ ლელუაშვილის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ბრალდებულებს დათა ახალაიასა და რევაზ შიუკაშვილს ასევე სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ ხსენებულ ბრალდებულებთან დაკავშირებით სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართა.
ლევან დავითაშვილმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
28/09/2016