ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

11/03/2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები, დარგის განვითარების სამთავრობო ხედვა, სამომავლო გეგმები და პროფილურ ბიზნესთან უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„ტურიზმის სექტორს გავუზიარეთ სახელმწიფოს მიდგომა ბევრი მიმართულებით, მათ შორის გავაცანით დაგეგმილი ღონისძიებები და შევაჯერეთ პოზიციები. ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ პრობლემებზე, გამოწვევებზე, უსაფრთხოების საკითხებზე – ტურიზმის სექტორს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დღეს საზღვრები მაღალ დონეზე კონტროლდება შესაბამისი უწყებების მხრიდან, კონტროლდება ყველა შემომსვლელი პირი და ყველა ის რისკი, რომელიც შეიძლება ტურიზმის სექტორს ჰქონდეს შემომსვლელ ვიზიტორებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტურისტული სექტორის პასუხისმგებლობაზეც. ამასთან, აღინიშნა, რომ კომუნიკაცია სამინისტროს ადმინისტრაციასა და ტურიზმის სექტორში წარმოდგენილ კერძო სექტორს შორის გაგრძელდება. ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0