ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ტექნოპარკში, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს ხედვები როგორც უშუალოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის, ასევე ზოგადად ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებებით უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა მიესალმება ბიზნესის მხრიდან წამოსულ ინიციატივებს დარგის უფრო სწრაფად განვითარების მხრივ და მათ მუდმივმოქმედი ქმედითი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა შესთავაზა, რაც ბიზნესის მხრიდან დადებითად იქნა მიღებული.
„საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორთან შევჯერდით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო, რომლის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ვიმუშავებთ, რათა მთლიანად ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია მოხდეს, მათ შორის, განვითარდეს IT – მიმართულებებიც, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და დამატებით შემოსავლების მობილიზებას შეუწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მომავალში სწორედ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება იქნება,“ – აღნიშნა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს ასევე უპასუხეს მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ. აიტი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაიმართა შედეგიანი დიალოგი, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარების, ქვეყანაში შექმნილი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გატანის ხელშეწყობის, დარგში პროფესიული კადრების გადამზადების კუთხით