ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა

11/05/2022

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ამერიკა – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტის მიმართულებები განიხილა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა და გამოწვევები. ინტერესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მიმართ ამერიკული ბიზნესის მხრიდან გამოითქვა, მოიცავს მთელ რიგს დარგებს – მათ შორის არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე. მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკა დღეს აქტუალური თემაა. ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო საქართველოს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდ შესაძლებლობებს. მისივე თქმით, საქართველო განიხილება ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტადაც. ასევე დიდია განახლებადი ენერგიის ექსპორტი შესაძლებლობები ქვეყანაში, რაც ამერიკელ ინვესტორებს ძალიან აინტერესებთ. ამერიკა – საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი აშშ – ში დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0