ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს მარკ გირარდს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი. შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების ტენდენციებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასა და მის შედეგებზე, აგრეთვე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემის დაკავშირებას შავი ზღვის ფსკერზე. ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის, ადგილობრივი განახლებადი რესურსების ათვისებისა და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ამ მიზნით, EDF-ი შეისწავლის ქვეყნის ენერგეტიკული პროექტების პოტენციალს.
ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
16/06/2022