ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20/02/2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის“ აღმასრულებელ დირექტორს ტომას პიხლერს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „დოპელმაიერი“ საქართველოში ხვალ სამუშაო შეხვედრას ატარებს პარტნიორებთან რეგიონის 7 ქვეყნიდან, რომლის 40-მდე მონაწილე ადგილზე გაეცნობა საქართველოს მთავრობის მიერ ზამთრის კურორტების, განსაკუთრებით კი, სამთო – სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების წარმატებულ მაგალითებს. ასევე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა ვიზიტი ბაკურიანში, სადაც ისინი ადგილზე ნახავენ კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე ჩემპიონატს. ავსტრიული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიულოცა ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამო და აღნიშნა, რომ დასახულ ამოცანას ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი. შეხვედრაზე „დოპელმაიერის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში სამომავლოდ შეიძლება განვითარდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0