ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ვიცე-კანცლერს, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრს რობერტ ჰაბეკს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სამთავრობო დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB BERLIN 2023-ის ოფიციალურ გახსნაში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები, ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და მათი შემდგომი განვითარების გზები დასახეს. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი და ქვეყნის მსხვილი ინვესტორია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, რომლებიც მიმართულია ევროკავშირში საქართველოს მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტსა და საქართველოზე გამავალი შუა სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდის მნიშვნელობაზე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ.
ლევან დავითაშვილი გერმანიის ვიცე-კანცლერს, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრს შეხვდა
07/03/2023