ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America-ს დელეგაციას შეხვდა, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა, მათი დაძლევის გზებსა და ახალ პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესსა და შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ ქვეყანას აქვს განვითარებული, მომგებიანი და მაღალლიკვიდური საბანკო სექტორი, ამავე დროს, ახორციელებს სტრუქტურულ რეფორმებს კაპიტალის ბაზრის განვითარების, საქართველოს საფინანსო ჰაბად ჩამოყალიბების და სხვა მრავალი მიმართულებით, რაც ასევე დამატებით პოტენციალს და სარგებელს ქმნის აღნიშნული სექტორის შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციისთვის. ვიცე-პრემიერმა Bank of America-ს დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით მოიწვია, რომლის დროსაც შესაძლებელი იქნება ქვეყანაში არსებული ტენდენციების და შესაძლებლობების შესწავლა, ასევე შეხვედრების ჩატარება ადგილობრივი საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენლებთან.
ლევან დავითაშვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of America-ს დელეგაციას შეხვდა
17/01/2024