გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ალკოჰოლური სასმელების იაპონური საკონსულტაციო კომპანიის „ASIA AC“ პრეზიდენტს, ვატარუ ივამოტოს შეხვდა. აღნიშნულ კომპანიასთან პარტნიორობით ქართულმა მხარემ ტოკიოში პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ წარმატებით განახორციელა. შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.
„ქართული ღვინის სათანადო შეფასებისთვის იაპონელ ხალხს მადლობა მინდა გადავუხადო. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია და სამეცნიერო აღიარების – საქართველო ღვინის სამშობლოა, მთელ მსოფლიოში გავრცელება. ვფიქრობ, ჩვენი თანმშრომლობა, შედგება და აუცილებლად ნაყოფიერი იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც ვატარუ ივამოტომ აღნიშნა, იაპონიაში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ განხორციელების შედეგად, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ბუნებრივად აყენებს დღის წესრიგში იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის საკითხს.
კომპანია „ASIA AC“-ის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თბილისსა და კახეთის რეგიონში გაეცნობიან და დააგემოვნებენ ქართული ღვინის ნაირსახეობებს, რათა მასშტაბურად მოხდეს ქართული ღვინის წარდგენა და ექსპორტი იაპონიაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდნენ.