გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ზურაბ ალავიძესთან ერთად, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ. სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სამეგრელოს რეგიონში ასევე იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე.
აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებლის საწინააღმდეგო საკოორდინაციო შტაბში გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულები. საკოორდინაციო შტაბი ზედამხედველობას უწევს ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.
აგრეთვე დაათვალიერეს რეგიონში მობილიზებული სპეციალური ტექნიკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. მიმდინარე წელს, სულ, ქვეყნის მასშტაბით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი. წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება.
მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2018 წლის სტრატეგიის შესაბამისად ყველა რესურსია მობილიზებული იმისათვის რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს. „აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. უკვე ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი დასავლეთ საქართველოში. დღეს მოწვეული გვყავს რეგიონების ხელმძღვანელები იმისთვის, რომ კოორდინირებულად ჩავატაროთ საველე კონტროლის სამუშაოები. მობილიზებულია სრულიად სპეცტექნიკა და მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფიტოსანიტარიული შესაძლებლობები 2017 წელთან შედარებით რისთვისაც, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი დაფინანსება გამოყო. 100-ზე მეტი ეკიპაჟი იმუშავებს იმისთვის, რომ ჩვენი ღონისძიებები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. ყველა ინფორმაცია თავს იყრის შტაბში და გადამუშავების შემდეგ იგეგმება საველე სამუშაოები. დასავლეთ საქართველოში იმუშავებს ხუთი საველე შტაბი, რომელთაც კოორდინაციას გაუწევს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი. ამავე დროს, უკვე დავიწყეთ საველე მონიტორინგის სისტემის განთავსება, რომელიც მთელს ტერიტორიას მოიცავს და 100 ათასი წერტილიდან მოხდება მონაცემების მიღება, რათა მავნებლის გავრცელების და პოპულაციის შესახებ გვქონდეს ოპერატიული ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დასავლეთ საქართველოში, უკვე მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით , აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 2 ათასი ფერომონი გადაეცემა.
ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება. ფერომონების დამონტაჟება უკვე დაიწყო დასავლეთ საქართველოში. პროცესის მიმდინარეობას ხობის მუნიციპალიტეტში ადგილზე გაეცნო მინისტრი ლევან დავითაშვილი.
დღესვე გაიმართება შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან.
ლევან დავითაშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ორგანიზაციულ საკითხებს ზურაბ ალავიძესთან ერთად გაეცნო
19/03/2018