ლევან ბოძაშვილი გამოცდილი იურისტია, რომელსაც საკმაოდ დიდი სამუშაო სტაჟი აქვს

18/07/2016

ლევან ბოძაშვილი გამოცდილი იურისტია, მას აქვს საკმაოდ დიდი სამუშაო სტაჟი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი აღნიშნული კანდიდატის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა.

„ლევან ბოძაშვილი გამოცდილი იურისტია. მისი პერსონალური დახასიათებისგან მაინც თავს შევიკავებ, თუმცა ვიცი, რომ მას, როგორც იურისტს აქვს გამოცდილება და საკმაოდ დიდი სამუშაო სტაჟი სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის განიხილავს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს, ბესელიას აზრით, რთული იქნება ამ საკითხის სექტემბერში მოსწრება, რადგან პარლამენტი სხდომების ჩატარების მხრივ რეგლამენტით შეზღუდულია“.

„სექტემბერში იგეგმება პარლამენტის რამდენიმე სხდომის ჩატარება და თუ ამ საკითხზე პოზიციები შეჯერებული იქნება, ამ შემთხვევაში კანდიდატებთან მიმართებაში მსჯელობა გაიმართება, თუმცა ვფიქრობ, რთული იქნება ამ საკითხის სექტემბერში მოსწრება, რადგან პარლამენტი სხდომების ჩატარების მხრივ რეგლამენტით შეზღუდულია – რეგლამენტის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი სხდომები არ ტარდება. ამ წესს ჩვენ ვიცავთ ყველა არჩევნებზე და შესაბამისად, ალბათ ერთი ან ორი სხდომა შეიძლება გაიმართოს სექტემბერში. თუმცა ამ დროისთვის იქნება თუ არა ამ კანდიდატებთან დაკავშირებით უმრავლესობის შეთანხმებული პოზიცია, ძნელი სათქმელია”, – განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები შესთავაზა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მათ მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მას აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედაც იგივე – თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარუდგინა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურაც შესთავაზა. რაც შეეხება ანა დოლიძეს, ცოტა ხნის წინ ის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0