ლანჩხუთში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სახალხო შეჯიბრი ლელობურთი გაიმართა, რომელშიც სოფელ შუხუთის ორი უბანი “ზემოურები” და “ქვემოურები” მონაწილეობდნენ. გამარჯვების მოსაპოვებლად, ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ბურთის ერთი წლით ხელში ჩასაგდებად ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ.
ლელობურთი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელიც გურიაში ყოველწლიურად აღდგომას იმართება. ერთმანეთს ორი სოფლის წარმომადგენლები 16 კილოგრამიანი, საქონლის ტყავისაგან შეკერილი ბურთით ეპაექრება და გამარჯვებული სოფლის ის ნაწილია, რომელიც ბურთს თავისი უბნისაკენ წაიღებს და ღელეზე გადებულ ბოგირებთან ახლოს დადებს. მოთამაშეების უმთავრესი მოტივაცია კი ის გახლავთ, რომ გამარჯვებულ გუნდს ბურთი გარდაცვლილი რომელიმე თანასოფლელის საფლავზე მიაქვს. მოთამაშეები ბურთს ტყავის, სველი ქვიშისა და ნახერხის გამოყენებით კერავენ.
წელს შეჯიბრის გამარჯვებული ქვემო შუხუთი გახდა. შეჯიბრთან ერთად ლანჩხუთში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებიც ჩატარდა.
“ლელოს” მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ლანჩხუთში ლელობურთი გაიმართა
02/05/2016