სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატები ნათია კორკოტაძე და გია გოროზია პროკურატურის მოწმე დავით პოპოვს შეხვდნენ.
შეხვედრა პოპოვის ინიციატივით გაიმართა, თუმცა კორკოტაძის ინფორმაციით, ის შეხვედრაზე ფარული ჩამწერი აპარატურით მივიდა.
ადვოკატის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ ფარული კამერა შენიშნა, პოპოვი შეხვედრიდან გაიქცა.
დავით პოპოვმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, ადვოკატებმა კი განაცხადეს, რომ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება.
„ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება. ვარაუდით განზრახ მკვლელობაა“, – განაცხადა ნათია კორკოტაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული მისივე ნათესავი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თვითმკვლელობის საქმეს პროკურატურა იძიებს. კუჭავას ოჯახს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და აცხადებს, რომ გამოძიების ვერსია ალოგიკურია.