კურორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა

07/12/2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები” გახსნა. ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში კურორტების განვითარების საჭიროებაზე, ამ სექტორის პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენების მნიშვნელობასა და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა.

“კურორტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ტურისტული პოტენციალის განხორციელების კუთხით. ვხედავთ, რომ ძალიან დიდია ინტერესი და საზოგადოების სხვადასხვა წრის ჩართულობა. საქართველოს დიდი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ ძველი კურორტები და განვავითაროთ ახალი საკურორტე ადგილები, იმისთვის, რომ საბოლოოდ უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ ტურიზმის სექტორში”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები, რომელთაც “კურორტების განვითარების სააგენტოს” დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ქვეყანაში ამ ინდუსტრიაში არსებული სურათი და სააგენტოს საქმიანობის მთავარი ასპექტები და გეგმები გააცნო. ერთი წლის განმავლობაში სააგენტომ 200-ზე მეტი კურორტის და საკურორტე ადგილის არსებული მდგომარეობა შეისწავლა. შედეგად, შერჩეულ იქნა 60 შედარებით მეტი პოტენციალის მქონე ლოკაცია, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიების მიერ ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები ჩატარდა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს ხანებში იგეგმება ცალკე სამუშაო შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, სადაც მათ ამ კონკრეტული ლოკაციების საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის საშუალება ექნებათ. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინტერესების სწორად გათვალისწინება, შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება და დაბალანსება კერძო სექტორთან სწორი თანამშრომლობის გზით. კონფერენციის ფარგლებში ორი თემატური სესია იმართება: კურორტების მდგრადი განვითარება: ტენდენციები, გამოწვევები და პერსპექტივები; კურორტების განვითარების სოციალური და ეკონომიკური შედეგები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0