კულტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება

12/07/2016

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ნაბი ავჩის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმებზე შეთანხმდნენ.

უახლოეს მომავალში უწყებებს შორის გაფორმდება კულტურის სფეროში აქამდე არარსებული თანამშრომლობის ხელშეკრულება. შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის საქართველოში ვიზიტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0